Thursday, March 5, 2015
Wednesday, March 4, 2015
მოსწავლის ესე - ,,დედაშვილობამ, ბევრს არ გთხოვ"
„დედაშვილობამ, ბევრს არ გთხოვ ...“
„პატივი ეცი მამასა და დედასა შენსა,“-გვასწავლის მეხუთე მცნება და ის განუხრელად უნდა იყოს დაცული,სანამ ეს ქვეყანა არსებობს.უფალი მშობლის პატივისცემას მოითხოვს და არა სიყვარულს,რადგან სიყვარული ყველა ჩვენგანის გულშია ჩადებული.დედა აღზრდის შვილს და მის ნათელ მომავალზე ოცნებობს,განიცდის და ღელავს,როდესაც მისი შვილი დამოუკიდებელი ცხოვრების გზას გადის.დედის გული შვილის ყველა გასაჭირსა და სიხარულზე რეაგირებს.მხოლოდ მის გულში შეიძლება სრული თანაგრძნობისა და ნუგეშის პოვნა.დედა შვილისთვის აკეთებს ყველაფერს და რაც მთავარია, ისეთი სიყვარულით,რომელიც მიწიერი საზომით არ იზომება.
უამრავი ნაწარმოებია შექმნილი დედაშვილობაზე არა მარტო ქართულ,არამედ მსოფლიო ლიტერატურაში. ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებ „მზიან ღამეში“ აღწერილია ამბავი,თუ როგორი გაუცხოვებულია თემური 12 წლის უნახავ დედასთან,რომელიც ახლახან დაბრუნდა გადასახლებიდან. დედამისი 12 წლის განმავლობაში იჯდა,ელოდა,არ ეძინა, მაინც მონახა ,,მისი ლეკვი” და შვილი დაუძახა.თემურს უჭირს ამ ადამიანისთვის დედის დაძახება და მაშინ,როცა ეჩვევა,კარგავს მას.ნოდარ დუმბაძის სიტყვებით ,,დედა ღმერთია,რომელიც საჭმელს გვიკეთებს,ტანზე გვაცმევს,თავზე გვახურავს,გვიღიმის და გვეფერება,გვკოცნის და ტირის ჩვენი გულისთვის,ცივა,წყურია,შია ჩვენთან ერთად.”
უდიდესია დედის ამაგი და მადლი შვილის მიმართ.დედა ის ადამიანია,რომელიც შვილის გულისთვის ტყვიას დაუფიქრებლად გადაეღობება,გაწირავს ყველაფერს იმისთვის,რომ შვილებს არაფერი მოაკლოს,ივლის ფეხშიშველი და შვილს ჩააცმევს,გაივლის ასობით კილომეტრს,რათა შვილის ბედნიერება შესთხოვოს უფალს ეკლესიაში...ჩვენგან კი განა რას მოითხოვს დედა ამისთანას? მას უბრალოდ უნდა,რომ ღირსეულ ადამიანებად ვიქცეთ.ამის შესრულება კი იმის ფონზე,რასაც იგი აკეთებს-არაფერია.დედის სახით უფალმა ამქვეყნიურ ცხოვრებაში ანგელოზი,პატრონი და დამრიგებელი,ცხოვრებისეულ სიძნელეებსა და გასაჭირში საიმედო დამცველი გამოგვიგზავნა.ამიტომაა 10 მცნებაში უფლისადმი ჩვენი მოვალეობების შემდეგ პირველ ადგილზე მშობლის პატივისცემა.
„მე სალოცავი შენზე წმინდა არ გამაჩნია.
შენი თვალებით დავინახე სამყარო ვრცელი…
ვიდრე ცოცხალ ვარ- გზას მინათებ,მწამს-თუ დავეცი,
შენ ერთადერთი მეახლები - ერთგული მცველი!“
შენი თვალებით დავინახე სამყარო ვრცელი…
ვიდრე ცოცხალ ვარ- გზას მინათებ,მწამს-თუ დავეცი,
შენ ერთადერთი მეახლები - ერთგული მცველი!“
Monday, March 2, 2015
Saturday, February 28, 2015
მოსწავლის ესე-,,რატომ იღუპება ოთარაანთ ქვრივი?!"
არგუმენტირებული ესე: რატომ იღუპება ოთარაანთ ქვრივი?!
ჩვენი პროექტის გეგმაში არის ასეთი კითხვა: ,,თქვენი აზრით, რატომ კვდება გიორგი და ოთარაანთ ქვრივიო? მართლაც და რატომ კლავს ილია ჭავჭავაძე თავის დიდებულ მოთხრობაში ორივე იდეალურ გმირს... კლავს? საკუთარ თავს დავუსვი ეს კითხვა და გავჩერდი... როგორც თავად ილია ამბობს ,,მგზავრის წერილებში“, თავში სრული რევოლუცია მოხდა, ყოველივე მანამდე გაგონილი, პროექტის მსვლელობისას გაცნობილი ყველა პერსონაჟი თითქოს ერთად ალაპარაკდა. მერე კიდევ ერთი კითხვა გამახსენდა ჩვენი გეგმიდან: მაინც რას ითხოვენ კლასიკოსები ჩვენგანო? აი, კიდევ ერთი დილემა, რას ითხოვენ? ადამიანი ამ წუთისოფელში რისთვის მოდის? დავუსვი ეს შეკითხვა საკუთარ თავს და გამახსენდა ტატოს ,,ფიქრნი მტკვრის პირზედ“... აკი გენიოსი მასწავლის,
,,არც კაცი ვარგა რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს,
იყოს სოფელში და სოფლისთვის არა იზრუნოს!“
მაგრამ განა ოთარაანთ ქვრივს ვინმეზე ან რამეზე მზრუნველობა აკლდა? აკი მისი ჯამჭურჭელიც კი თავს იწონებდა, კარგი პატრონი აგვჩენიაო, კვირა ისე არ გავიდოდა, ქვრივ-ობოლი არ განეკითხა, გლახა-მათხოვარი არ დაეპურებინა, გასაოცარი იყო ქმრის დანატოვარი განძისა და ანდერძის ერთგულება, გიორგი ხომ ისეთი ვაჟკაცი გაზარდა, სასამართლოშიც კი მოწმე არ სჭირდებოდა, მისი ,,ჰო!- ჰო!“ იყო და ,,არა“-არა“! ლამის არის ჩიხში მოვექცე, მაგრამ არა, ისევ ოთარაანთ ქვრივი მშველის, ,,წუთისოფელს თუ ერთი ბეწო ხანი თვალი მოუხუჭე, ისე გაგთელავს, როგორც დიდოელი ლეკი ნაბადსო!“ როგორ? ნუთუ ამ დიდებულმა ქალმა თავად დაივიწყა საკუთარი შეგონება და თვალი მოუხუჭა წუთისოფელს, მოეშვა, მოდუნდა, აზრი წაერთვა მის ცხოვრებას? გიორგის სიკვდილთან ერთად დაფრინდნენ ის ,,ბღარტები“ ქვრივს მარტოობას რომ ათმენინებდნენ, გიორგისთან ერთად გაქრა მისი საფიქრალ-საზრუნავი და ამ წუთისოფელთან მისი მაკავშირებელი მთავარი არტერია. და სწორედ აქ გადის დედაშვილობის ზღვარი, სწორედ იქ მთავრდება დედის სიცოცხლე, სადაც მთავრდება შვილის, ოთარაანთ ქვრივს უნებურად ცხრა ძმა ხერხეულიძის დედას ვადარებ და არც ერთის გმირობა მიკვირს, თუმცა აღმაფრთოვანებს, და არც მეორის- შვილის საფლავზე გარდიგარდმო ჯვრის ფორმით აღსასრული! დედის დედობის საზომი ოთარაანთ ქვრივისთვის წუთისოფლისათვის შვილისად მაყურებელი თვალით ცქერაა და როდესაც ეს თვალის ჩინი ჩაქრა, ოთარაანთ ქვრივიც გაქრა! უფუნქციოდ დარჩენილმა დედამ უარი თქვა სააქაო ცხოვრებაზე! მას ხომ უკვე დაგროვილი ჰქონდა საიქიო საგზალი!
Thursday, January 29, 2015
Subscribe to:
Posts (Atom)