Wednesday, March 4, 2015

მოსწავლის ესე - ,,დედაშვილობამ, ბევრს არ გთხოვ"

„დედაშვილობამ, ბევრს არ გთხოვ ...“
„პატივი ეცი მამასა და დედასა შენსა,“-გვასწავლის მეხუთე მცნება და ის განუხრელად უნდა იყოს დაცული,სანამ ეს ქვეყანა არსებობს.უფალი მშობლის პატივისცემას მოითხოვს და არა სიყვარულს,რადგან სიყვარული ყველა ჩვენგანის გულშია ჩადებული.დედა აღზრდის შვილს და მის ნათელ მომავალზე ოცნებობს,განიცდის და ღელავს,როდესაც მისი შვილი დამოუკიდებელი ცხოვრების გზას გადის.დედის გული შვილის ყველა გასაჭირსა და სიხარულზე რეაგირებს.მხოლოდ მის გულში შეიძლება სრული თანაგრძნობისა და ნუგეშის პოვნა.დედა შვილისთვის აკეთებს ყველაფერს და რაც მთავარია, ისეთი სიყვარულით,რომელიც მიწიერი საზომით არ იზომება.
უამრავი ნაწარმოებია შექმნილი დედაშვილობაზე არა მარტო ქართულ,არამედ მსოფლიო ლიტერატურაში. ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებ „მზიან ღამეში“ აღწერილია ამბავი,თუ როგორი გაუცხოვებულია თემური 12 წლის უნახავ დედასთან,რომელიც ახლახან  დაბრუნდა გადასახლებიდან. დედამისი 12 წლის განმავლობაში იჯდა,ელოდა,არ ეძინა, მაინც მონახა ,,მისი ლეკვი” და შვილი დაუძახა.თემურს უჭირს ამ ადამიანისთვის დედის დაძახება და მაშინ,როცა ეჩვევა,კარგავს მას.ნოდარ დუმბაძის სიტყვებით ,,დედა ღმერთია,რომელიც საჭმელს გვიკეთებს,ტანზე გვაცმევს,თავზე გვახურავს,გვიღიმის და გვეფერება,გვკოცნის და ტირის ჩვენი გულისთვის,ცივა,წყურია,შია ჩვენთან ერთად.”
უდიდესია დედის ამაგი და მადლი შვილის მიმართ.დედა ის ადამიანია,რომელიც შვილის გულისთვის ტყვიას დაუფიქრებლად გადაეღობება,გაწირავს ყველაფერს იმისთვის,რომ შვილებს არაფერი მოაკლოს,ივლის ფეხშიშველი და შვილს ჩააცმევს,გაივლის ასობით კილომეტრს,რათა შვილის ბედნიერება შესთხოვოს უფალს ეკლესიაში...ჩვენგან კი განა რას მოითხოვს დედა ამისთანას? მას უბრალოდ უნდა,რომ ღირსეულ ადამიანებად ვიქცეთ.ამის შესრულება კი იმის ფონზე,რასაც იგი აკეთებს-არაფერია.დედის სახით უფალმა ამქვეყნიურ ცხოვრებაში ანგელოზი,პატრონი და დამრიგებელი,ცხოვრებისეულ სიძნელეებსა და გასაჭირში საიმედო დამცველი გამოგვიგზავნა.ამიტომაა 10 მცნებაში  უფლისადმი ჩვენი მოვალეობების შემდეგ პირველ ადგილზე მშობლის პატივისცემა.

„მე სალოცავი შენზე წმინდა არ გამაჩნია.
შენი თვალებით დავინახე სამყარო ვრცელი
ვიდრე ცოცხალ ვარ- გზას მინათებ,მწამს-თუ დავეცი,
შენ ერთადერთი მეახლები - ერთგული მცველი!

No comments:

Post a Comment